საჯარო რეესტრი აგრძელებს „საკონსულტაციო ბარათების" გამოქვეყნებას, რომელიც მოქალაქეებს დაეხმარება მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღონ უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია.
საკონსულტაციო ბარათი „როგორ დავარეგისტრიროთ იპოთეკის უფლება"
იპოთეკა ეს არის მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება. იპოთეკით შესაძლებელია დაიტვირთოს უძრავი ნივთი: მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა, ბინა, ავტოფარეხი, სარდაფი და სხვ.
იპოთეკის უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ოფისს, იუსტიციის სახლს, ნოტარიუსს ან სხვა ავტორიზებულ პირს.
იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხორციელდება იპოთეკის ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის (მსესხებელი, მესაკუთრე, იპოთეკარი (კრედიტორი, გამსესხებელი) მიერ, ამ ხელშეკრულების წარდგენის საფუძველზე.
იპოთეკის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, მოვალე, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფადაც იდება იპოთეკის ხელშეკრულება. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ხელშეკრულებაში დამატებით მიეთითოს მხარეთა სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებები, მათი შესრულების ვადა და სხვა პირობები.
იპოთეკის ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და მისი დამოწმება ხდება სანოტარო წესით ან უშუალოდ საჯარო რეესტრის/იუსტიციის სახლის მიმღებ-ოპერატორთან.
ფიზიკურ პირებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება სავალდებულოა დამოწმდეს სანოტარო წესით.
ნოტარიუსი ვალდებულია განუმარტოს ხელშეკრულების მხარეებს ის სამართლებრივი შედეგები, რომლებიც მოჰყვება მათ მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას, ასევე ნოტარიუსი უზრუნველყოფს მის მიერ დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულებისა და თანდართული დოკუმენტების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიწოდებას.
აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებებზე.
კანონმდებლობით, ერთი უძრავი ნივთი შეიძლება რამდენჯერმე დაიტვირთოს იპოთეკით. ასეთ შეთხვევაში იპოთეკის რიგითობა განისაზღვრება იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში განცხადების რეგისტრაციის თარიღის მიხედვით.
სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:
1) განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
2) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3) სათანადო წესით დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება;
იპოთეკის უფლებაში ცვლილების რეგისტრაციისას წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი შეთანხმება ან ხელშეკრულება იპოთეკის უფლებაში რომელიმე პირობის ცვლილების შესახებ. ხოლო იპოთეკის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციისას შესაბამისი შეთანხმების ან ხელშეკრულების გარდა ასევე შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს იპოთეკარის (კრედიტორის) წერილი იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ.
4) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი
4 სამუშაო დღის ვადაში - 50 ლარი
შესაძლებელია ასევე დაჩქარებული სარეგისტრაციო მომსახურება:
განცხადების შეტანის დღეს - 200 ლარი
ერთ სამუშაო დღეში - 150 ლარი
სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის/რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.
დამატებითი ინფორმაცია
თუ დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის განხორციელება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც რეგისტრაციისათვის.