საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2014 წლის სექტემბერში, გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ქართული კულტურის დღეები გაიმართება.
ამ თემასთან დაკავშირებით, 24 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილესთან ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკისთან და ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის მენეჯერთან დავით ცხადაიასთან ერთად ბრიფინგს გამართავს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქალაქ ინგოლშტადტში ქართული კულტურის დღეების გამართვის ორგანიზებას გერმანული მხარე უზრუნველყოფს. პროექტში ჩართულნი არიან ინგოლშტადტის რეფერენტი გაბრიელ ენგერტი, ინგოლშტადტის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი იურგენ კოლერი და ორგანიზაციის „საქართველოს კამერული ორკესტრის მეგობრების წრე" ხელმძღვანელი მანფრედ შუმანი.
ქ. ინგოლშტადტის კამერული ორკესტრის მუსიკოსები საქართველოდან ემიგრირებული პროფესიონალი მუსიკოსები არიან, რომლებიც გერმანიაში უკვე 23 წელია მოღვაწეობენ და საქართველოს სახელი საზღვარგარეთ გააქვთ. ორკესტრი საქართველოს გასულ წელს სტუმრობდა, - 2013 წლის 26 ნოემბერს, ინგოლშტადტის ქართულმა კამერულმა ორკესტრმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან „საქართველოს სინფონიეტასთან" ერთად კამერული მუსიკის კონცერტი გამართა.
ორკესტრი გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტი 1990 წელს დაფუძნდა. დაარსების დღიდან ინგოლშტატის ორკესტრი მართავს კონცერტებს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, მათ შორის კარნეგი ჰოლში (ნიუ-იორკი), ჩაიკოვსკის სახელობის დარბაზში (მოსკოვი), სიდნეის ოპერაში, მიუნჰენის ფილარმონიაში და სხვა მნიშვნელოვან საკონცერტო დარბაზებში. აწყობს საკონცერტო ტურნეებს ევროპის დიდ ქალაქებში, მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში. 1984-1998 წლებში ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი მევიოლინე ლიანა ისაკაძე იყო.
ორკესტრთან ერთად სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ისეთი მსოფლიოში აღიარებული სოლისტები და მუსიკოსები, როგორებიც არიან რუდოლფ ბუჰბინდერი, ტაბეა ციმერმანი, ჰაინრიჰ შიფი, სერგეი ნაკარიაკოვი, ნატალია გუტმანი, ლიზა ბათიაშვილი, ფრანსუა ლელუ, კურტ მაზური და სხვები.
ინგოლშტადტის ქართულ კამერულ ორკესტრს, ამჟამად, ამერიკელი დირიჟორი დენიამინ შვარცი დირიჟორობს.
მასალის გამოყენების პირობები