ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ROYAL PHILIPS"-ის დელეგაცია მიიღო, რომელსაც კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი ჰარი ჰენდრიკსი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი და ``ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს`` ხელმძღვანელი გიორგი პერტაია.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებსა და საინვესტიციო პოტენციალზე. გაირკვა, რომ „ROYAL PHILIPS" გეგმავს საქართველოში რეგიონული წარმომადგენლობის გახსნას. მისი მეშვეობით კომპანია დაფარავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს და იმუშავებს ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან.
შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება „ROYAL PHILIPS"-ის ინოვაციური პროექტების შესახებ ენერგეტიკისა და განათლების მიმართულებით. ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყოველივე ეს შესაბამისობაში მოდის ახალ გამოწვევებთან, რომლის წინაშეც დგას საქართველო.
„საქართველოს მთავრობას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპანიის საქმიანობას," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები