IX საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე" 25 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით ტრადიციულად თბილისში და რეგიონულ ცენტრებში გაიმართება.
თბილისის საფესტივალო კონცერტებს უმასპინძლებს კონსერვატორიის დიდი დარბაზი. ფესტივალი წარმოაჩენს როგორც უცხოეთში მცხოვრებ აღიარებულ სცენის ვარსკვლავებს, ასევე უცხოეთში და სამშობლოში მოღვაწე ქართველი ხელოვანების შემოქმედებას. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ამერიკაში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე, ცნობილი პიანისტი და პედაგოგი ალექსანდრე კორსანტია.
ფესტივალის ფარგლებში შესრულდება მსოფლიო სამუსიკო ხელოვნების შედევრები და გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები. სპეციალურად ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ჩამოდიან მსოფლიო სცენის გამორჩეული ხელოვანები: მევიოლინე იზაბელ ფაუსტი (გერმანია), მევიოლინე ილია კონოვალოვი (ისრაელი), პიანისტი ალექსანდრე მელნიკოვი, ქართული აკადემიური მუსიკის წარმომადგენლები.
ფესტივალს წარმოადგენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და აკაკი რამიშვილის ფონდი „ტრადიცია და ინოვაცია". საქველმოქმედო ფესტივალის მუდმივი პარტნიორია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.