საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას მოუწოდა, საყდრისთან დაკავშირებული პრობლემა დაუყოვნებლივ მოაგვაროს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საყდრისის თემაზე დაუსრულებელი სპეკულაციები მისთვის გაუგებარია.
„მოგიწოდებთ, ყველამ დაასრულოს ამ თემაზე სპეკულირება. უკვე ყველაფერი ცალსახად ითქვა. თქვენგანაც მოვისმინე, რომ ეს არის უძველესი ოქროს მაღარო. არავის დაუმტკიცებია, რომ ამ ადგილას იყო უძველესი ოქროს მაღარო, ეს არ მტკიცდება. რამდენიმე თვის წინ, ექსპერტებმა დადეს დასკვნა, წარუდგინეს მთავრობას, რის საფუძველზეც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება RMG GOLD-ის სამუშაოების გაგრძელებასთან დაკავშირებით. მესმის იმ ადამიანების, რომლებიც თითქოს ძეგლის გადარჩენას ცდილობენ. მაგრამ მინდა მათ შევახსენო, ამ ორგანიზაციაში დასაქმებულია დაახლოებით სამი ათასი ადამიანი. კარგად გაითვალისწინონ და გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ დაეკისრებათ, თუ რაიმე შეფერხება შეექმნება აღნიშნულ კომპანიას. მინდა მოგიწოდოთ, როგორც მინისტრს, სასწრაფოდ მოაგვაროთ ეს პრობლემა", - მიმართა პრემიერმა გურამ ოდიშარიას.