24 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის ლევან მოსიაშვილისა და ფრანგი ფოტოხელოვანის ალენ პიზენის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა „შეხვედრა მომავალთან" გაიხსნება.
ქართველი მხატვარი ლევან მოსიაშვილი 19 წელია საფრანგეთში მოღვაწეობს. მისი შემოქმედება რამდენიმე პერიოდად იყოფა. პირველი პერიოდის ნამუშევრები საქართველოში შეიქმნა და მისი შთაგონების წყარო ჯერ კახეთი, შემდეგ კი თბილისი იყო. 2008 წელს საფრანგეთის მთავრობამ ლევან მოსიაშვილს საფრანგეთში ცხოვრება და მოღვაწეობა შესთავაზა. ამას წინ უძღოდა საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვება, აღიარება და ევროპის ქვეყნებში გამართული არაერთი გამოფენა. ევროპამ მხატვრის შემოქმედებაში ფერები და სტილი მთლიანად შეცვალა. ჯერ იყო კუბისტური პერიოდი. ბოლო წლებში კი მხატვარი აბსტრაქტულ ნამუშევრებს ქმნის. ლევან მოსიაშვილის ნახატები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იფინება. მხატვრის ტილოები არაერთ მუზეუმსა თუ კერძო კოლექციაში ინახება. საქართველოში ეს მისი მეორე მასშტაბური გამოფენაა. ამჯერად ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მის ნამუშევრებთან ერთად მისი მეგობრის, ფრანგი ფოტოხელოვანის, ალენ პიზენის ფოტოებიც იქნება წარმოდგენილი.
პროფესიით კონსტრუქტორი ალენ პიზენი თვითნასწავლი ხელოვანია, რომელმაც თავის ფოტოობიექტივზე მშობლიური საფრანგეთი, აფრიკა, რამდენიმე კონტინენტის კუნძულები, ასევე საქართველოს პეიზაჟები და კულტურა აღბეჭდა. მისი შემოქმედების მთავარი თემებია ბუნება, ქალაქები ღამით და არქიტექტურა.
გამოფენა „შეხვედრა მომავალთან" ქართველი მხატვრისა და ფრანგი ფოტოხელოვანის შემოქმედების სინთეზია. ეს იდეა ლევან მოსიაშვილისა და ალენ პიზენის პირენეებსა და კავკასიაში ერთობლივი მოგზაურობების შემდეგ გაჩნდა. „შეხვედრა მომავალთან" არის ორი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლის, განსხვავებული გატაცებებისა და შემოქმედებითი კვლევების მქონე ხელოვანების მიერ ფრანგული და ქართული კულტურის აღიარებაზე დაფუძნებული მეგობრობის შედეგი.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ლევან მოსიაშვილის როგორც ქართული, ისე ევროპული პერიოდის ნამუშევრები (სულ 40-ზე მეტი ნახატი), რომლებიც პირველად იფინება საქართველოში, ასევე ალენ პიზენის 15-მდე ფოტო.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან ფრანგული ინსტიტუტი, კომპანიები "ნიკორა" და "შუხმანის ღვინოები", რომლებიც გამოფენის გახსნაზე თავიანთი პროდუქციით წარსდგებიან.
გამოფენა 4 მაისამდე გაგრძელდება.