თბილისის საქალაქო სასამართლოში ემზარ კვიციანის საქმის წინასასამართლო სხდომა ბრალდებულის თანდასწრებით მიმდინარეობს, სადაც დაცვის მხარე ემზარ კვიციანის გათავისუფლების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.
როგორც სხდომის დაწყების წინ ემზრა კვიციანის დამ, ნორა კვიციანმა განაცხადა, დღესვე სასამართლოზე დაცვის მხარე წარადგენს პარლამენტის უმრავლესობის 35 წევრის განცხადებას, სადაც ისინი თავდებში უდგებიან ემზარ კვიციანს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გარდა, ემზარ კვიციანს თავდებში უდგება 33 გენერალი.
სახელმწიფო ბრალდება ითხოვს კვიციანისთვის ერთი თვის ვადით პატიმრობის გახანგრძლივებას, რადგან პროკურორის ინფორმაციით, ექსპერტიზებია ჩასატარებელი.
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი, რომელიც რუსეთიდან დეპორტირებულია, საქართველოში ძებნილად იყო გამოცხადებული. მას სამხედრო ამბოხებასა და ტერორისტული აქტების მოწყობაში ედება ბრალი. მისი დაკავება საქართველოში დაბრუნების დროს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა.