თბილისის საქალაქო სასამართლოში კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანის საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ემზარ კვიციანის დამ ნორა კვიციანმა განაცხადა დაცვის მხარე შუამდგომლობას დააყენებს ემზარ კვიციანის განთავისუფლების შესახებ.
პროცესს თავად ბრალდებული ემზარ კვიციანი ესწრება.
შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი მოსკოვიდან-საქართველოში 28 თებერვალს დაბრუნდა. ემზარ კვიციანი ყოფილი პრეზიდენტის რწმუნებულია კოდორის ხეობაში, რომელიც ბოლო დრომდე კოდორის ხეობას აფარებდა თავს. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში მისი სპეციალური რწმუნებული კოდორის ხეობაში ვარდების რევოლუციის პერიოდში გადადგა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. დაახლოებით 200 თანამოაზრესთან ერთად კვიციანი კოდორის ხეობას აფარებდა თავს. 2006 წლის ივლისში განხორციელებული ოპერაციის შედეგად საქართველოს სპეციალური დანიშნულების სამხედრო რაზმმა მისი მომხრეების უმრავლესობის განიარაღება შეძლო, თუმცა თავად კვიციანმა რამდენიმე ახლო პირთან ერთად გაქცევა მოახერხა. საქართველოს პოლიციამ კვიციანის ადგილსამყოფელზე ინფორმაციისთვის 100.000 ლარის ჯილდო დააწესა.
2006 წელს უკანონო ფორმირებების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფო გადატრიალების მომზადების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
სახელმწიფო ბრალდება ითხოვს კვიციანისთვის ერთი თვის ვადით პატიმრობის გახანგრძლივებას, რადგან პროკურორის ინფორმაციით, ექსპერტიზებია ჩასატარებელი.