მექსიკაში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კოლუმბიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი გაბრიელ გარსია მარკესი. ინფორმაცია ამის შესახებ დაადასტურა მწერლისა და ოჯახის პრესმდივანმა ფერნანდა ფამილიარმა. "გაბრიელ გარსია მარკესი გარდაიცვალა", - დაწერა "ტვიტერის" გვერდზე ფამილიარმა.
მარკესი რამდენიმე დღის წინ მექსიკის ერთ-ერთი კლინიკიდან გაწერეს, სადაც ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდა.
ბოლოს საზოგადოების წინაშე მწერალი წელს, მარტის დასაწყისში გამოჩნდა, როცა სახლიდან ჟურნალისტებთან და თაყვანისმცემლებთან სასაუბროდ გამოვიდა. ისინი დიდი მწერლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
დიდი მწერლის გარდაცვალების გამო, კოლუმბიის ხელისუფლებამ 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.