პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით დაკავებული ქართველი ჟურნალისტები დღის ბოლოს უნდა გაათავისუფლონ. ამის შესახებ, აბაშიძემ პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლი კარასინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
,,ვფიქრობ, იქნება მიღებული ზომები და ეს თემა დღის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს და მოგვარდეს. საუბრის შედეგად, რომელიც გვქონდა, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს საკითხი, ფრიად უსიამოვნო, დღესვე უნდა მოგვარდეს. ჩვენთვის მთავარია, ეს ახალგაზრდები გაათავისუფლონ. ზედმეტ ყურადღებას ნუ მივაქცევთ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, მთავარია რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლონ თქვენი კოლეგები", - აღნიშნა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჟურნალისტები რუსმა სამხედროებმა გუშინ დააკავეს. ისინი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყვნენ ჩასული და რუსმა ოკუპანტებმა სწორედ ამ დროს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს სავარაუდოდ დღეს გაათავისუფლებენ.