საარჩევნოდ გამოცხადებულ მორატორიუმთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დამატებითი განმარტება გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ თემაზე სხვადასხვა არასწორი ინტერპრეტაცია მოისმინა, რის გამოც სურს, საზოგადოებას განუმარტოს, რომ ეს პროცესი ნორმალური და ცივილიზებულია.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას სურს, საარჩევნო კამპანია მაქსიმალურად მშვიდ და კონკრენტულ გარემოში წარიმართოს და არავის უნდა მიეცეს საშუალება ამ პროცესით სპეკულირების.
"არავის უნდა მივცეთ საშუალება თქვას, რომ საარჩევნო კამპანიის წარმართვა არათანაბარ, არაკონკურენტუნარიან გარემოში მოუწია, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით, გამოვაცხადეთ მორატორიუმი და მოვუწოდეთ სამართალდამცველ ორგანოებს, თუ გარდაუვალი აუცილებლობა არ იქნება, თავი შეიკაონ საარჩევნო კამპანიაში ჩართული ადამიანების დაკავებისგან. მგონი, აქ ყველაფერი ცხადად ითქვა და დამატებითი კითხვები წესით, არ უნდა არსებობდეს. გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო საზოგადოებისთვის, რათა მათ კითხვები არ დარჩეთ, რომ ეს არის აბსოლუტურად ნორმალური, ცივილიზებული ფორმა, რათა მთელ მსოფლიოს დავუმტკიცოთ, რომ ვართ ძლიერი სახელმწიფო, რომელიც მზადაა გამოწვევებისთვის და აქვს ამბიცია, გახდეს თანამედროვე, ევროპული, ცივილიზებული სახელმწიფო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება მორატორიუმის გავრცელებას სასამართლო პროცესებზე, პრემიერის განმარტებით, მისთვის უცნობია, მოხერხდება თუ არა ეს, თუკი ეს პროცესები უკვე დაწყებულია.
მისი განმარტებით, მძიმე დანაშაულს აღნიშნული მორატორიუმი არ შეეხება.