პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი ჟურნალისტების გატაცებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები აზიანებს პროცესს, რასაც ჰქვია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება.
,,შეწუხებული ვარ აღნიშნული ფაქტის გამო. მე ვიცი, რომ შსს ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაში. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გაათავისუფლებენ ჩვენს ჟურნალისტებს. რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტები აზიანებს პროცესს, რასაც ჰქვია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება. დღეს გაიმართება ზურაბ აბაშიძის შეხვედრა გრიგორი კარასინთან და სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულ საკითხსაც განიხილავენ. მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მოხდეს ამ პროცესის გაჯანსაღება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჟურნალისტები რუსმა სამხედროებმა გუშინ დააკავეს. ისინი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყვნენ ჩასული და რუსმა ოკუპანტებმა სწორედ ამ დროს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს სავარაუდოდ დღეს გაათავისუფლებენ.