,ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასაარჩევნოდ მორატორიუმის გამოცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მთავრობა ვერ ჩამოყალიბდა, რა არის მორატორიუმი.
"მთავრობა ვერ ჩამოყალიბდა, რა არის მორატორიუმი. რაც მიუთითებს მის არაკოორდინირებულობასა და უნიათობაზე. პრემიერ-მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ მორატორიუმი დაკავებებს ეხება, იუსტიციის მინისტრი კი ამბობს, რომ ეს ეხება ყველა სამართლებრივ პროცედურებს. ვინ არის მართალი, ღარიბაშვილი თუ წულუკიანი, თუ ფარცხალაძე, რომელიც ორივეს აბუჩად იგდებს. დღეს პროცესზე დავაყენებ საკითხს პროკურატურასთან, ითვალისწინებს თუ არა გამოცხადებულ მორატორიუმს, რატომ ითხოვს მთავრობა პატივი ვცეთ, მაშინ, როდესაც თავად არ სცემს პატივს ფარცხალაძე, - განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ,,ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის გიგი უგულავას და ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. გამოძიებას საგადასახადო სამსახურის 2 რევიზორს დაკითხავს.
უგულავასა და კეზერაშვილს გამოძიება 2006 წელს რიყის ტერიტორიის გასხვისებასა და ტელეკომპანია ,,იმედის" მითვისებას ედავება.