პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველ ორგანოებს კიდევ ერთხელ მიმართა.
"კიდევ ერთხელ მივმართავთ სამართალდამცველ ორგანოებს, რომ ეს საკითხი, რაც შეიძლება სწრაფად იქნეს გახსნილი და ნათელი მოეფინოს იმას, თუ რა მოხდა ბატონ ნუგზარ წიკლაურთან დაკავშირებით", - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში აღარ იქნება ის დრო, როდესაც მსგავსი ფაქტების გამოძიებას 9 წელი დასჭირდება.
"9 წელს მე იმაზე მივანიშნებ, რომ ვალერი გელაშვილის სასიკვდილოდ ცემის ფაქტი, როგორც ჩანს, მალე გაიხსნება 9 წლის თავზე და ჩვენ ამ დარბაზში გვყავს პარლამენტის სხვა წევრებიც, რომლებიც წლებია, ელოდებიან მათ მიმართ ჩადენილი ვანდალური ფაქტების გამოძიებას. მე ვისურვებ, რომ მსგავსი ფაქტები არ გამრავლდეს და რაცაა რაც შეიძლება მალე იქნას გამოძიებული", - განაცხადა უსუფაშვილმა.