რაგბში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებ გუნდებს შორის მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს ნაკრებში კარგი განწყობაა. ამის შესახებ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ განაცხადა.
"განწყობა არის ძალიან კარგი. ბიჭები არიან მოტივირებულები და იქნება ძალიან კარგი თამაში", - განაცხადა გია ნიჟარაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე _ რუსეთის ნაკრები სერიოზულ ძალას წარმოადგენს.
"ისინი წელს მშვენივრად თამაშობენ. სერიოზულად მოუმატეს თამაშის დონეს, მაგრამ, ეს ის თამაშია, როდესაც საქართველოს ნაკრებს დამატებითი მოტივაცია არ სჭირდება. ასე, რომ იქნება უშეღავათო ბრძოლა და ბიჭები გამოვლენ რასაკვირველია ერთადერთი მიზნით, რომ გაიმარჯვონ და გაახარონ ქართველი ხალხი", - აცხადებს გია ნიჟარაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს 17:00 საათზე ტრაბზონში საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრები გუნდების შერკინება გამართება.
6-ათასადგილიან სტადიონზე 5 ათას შვიდასამდე ქართველი გულშემატკივარი იქნება. მათთვის, ვინც მატჩზე დასწრებას ვერ ახერხებს, შერკინების მსვლელობის ყურება შესაძლებელი იქნება საქართველოს დედაქალაქის სპორტის სასახლეში და სხვადასხვა კლუბში, ასევე ბათუმში, ქუთაისში და თითქმის ყველა ქალაქში სპეციალურ მონიტორებზე.
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან მატჩის შემდეგ ტრაბზონში გაემგზავრა და 14 მარტიდან "ტრაბზონსფორის" საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობს.
ნაკრების მწვრთნელი ტიმ ლეინი გუნდს დღეში ორჯერ ავარჯიშებდა. ნაკრებს გარკვეული პრობლემები აქვს უკანა ხაზში. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ბიძინა სამხარაძე, ხოლო ლაშა მალაღურაძის საკითხი ჯერაც გადასაწყვეტია.
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ნიკა რურუას შეფასებით, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები საუკეთესო მზადყოფნაშია.
"ჩვენი გუნდი საუკეთესო მზადყოფნაშია, თუმცა თამაში ადვილი არ იქნება. ფიზიკურად რუსეთის გუნდიც ძლიერია, თან, ალბათ, ჩვენთან განსაკუთრებული გააფთრებით ითამაშებენ", - განუცხადა რურუამ ჟურნალისტებს.