„ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე"- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კოალიცია „ქართული ოცნება" ამ სლოგანით წარდგება.
კოალიცია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო შტაბმა ფუნქციონირება დღეიდან ოფიციალურად დაიწყო. როგორც შტაბის გახსნაზე შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ განაცხადა, დღეიდან კოალიციის საარჩევნო შტაბი სრულად არის მობილიზებული, გახსნილია და სრული დატვირთვით მუშაობს მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 საარჩევნო შტაბი, ყველა რესურსი მობილიზებულია საიმისოდ, რომ ეს არჩევნები კოალიციის და საქართველოს მოსახლეობის სრული გამარჯვებით დასრულდეს. დღესვე შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ საარჩევნო შტაბის პრესსპიკერად გიორგი გეგეჭკორი წარადგინა.
„ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული მომავალი არჩევნების წარმატებით ჩატარების მნიშვნელობა. არჩევნების მშვიდ, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენს ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ამ არჩევნებით ჩვენ დავანახებთ მსოფლიოს, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები შეუქცევადი ხასიათისაა. ეს არჩევნები უპრეცედენტოა საქართველოსთვის. აქამდე პირდაპირი არჩევნების გზით, მოსახლეობის მიერ მხოლოდ დედაქალაქის მერი ირჩეოდა 30%-იანი ბარიერით. ამჯერად 12 ქალაქის მერი და 59 გამგებელი აირჩევა პირდაპირი არჩევნების გზით. უმნიშვნელოვანესია ასარჩევი ბარიერის 50%-მდე აწევა, რაც უპირობო განაცხადია იმაზე, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალას ღია და კონკურენტუნარიან არჩევნებში გამოწვევების და რისკების არ ეშინია. ჩვენი კანდიდატები ამ ბარიერის დაძლევას უპრობლემოდ შეძლებენ. თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად ჩვენი კოალიციის ინიციატივით კანონმდებლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. მათ შორის აღსანიშნავია ის, რომ თვითმმართველობის ახალი კოდექსით გაიზარდა მოსახლეობის მიერ არჩეული საკრებულოს უფლებამოსილება. მოსახლეობას მიეცა საშუალება, გააკონტროლოს თავისივე არჩეული მერი თუ გამგებელი, დასვას მათი პასუხისმგებლობის საკითხი, თუ აღმოჩნდა, რომ ისინი დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ. ჩვენ ამას შევძლებთ და დავუმტკიცებთ მთელ საქართველოს, რომ ვართ სამართლიანი ძალა, რომელიც ზრუნავს ქვეყნის კეთილდღეობაზე. ჩვენს მიერ შემოთავაზებული კანდიდატები იქნებიან შედეგზე ორიენტირებული, გამჭვირვალე, პასუხისმგებლიანი, ანგარიშვალდებული და კანონმორჩილი მმართველები, რომელთა მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ადამიანი, მთავარ ამოცანას კი - მოქალაქის მსახურება. მივმართავ ყველა ამომრჩეველს, იყავით მაქსიმალურად ჩართულები" - განაცხადა კახა კალაძემ შტაბის გახსნაზე.