„ვისოლ ჯგუფი" „ვენდისა" და „სმარტის" ქსელის გაფართოებას განაგრძობს. კომპანიამ დღეს ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, სამების ტაძრის მიმდებარედ ამერიკული რესტორნის „ვენდის" და სუპერმარკეტ „სმარტის" ახალ ობიექტები გახსნა. როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, „ვისოლ ჯგუფის" ახალ სავაჭრო კომპლექსში 300-მდე ადამიანი დასაქმდება და „სმარტის" და „ვენდის" გარდა 5 ახალი ბიზნესი იფუნქციონირებს.
„ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, „ვისოლ ჯგუფის" შვილობილი კომპანიების ქსელის განვითარება ახალ ფაზაში შედის.
„ვაკეში „სმარტისა" და „ვენდის" ობიექტები თავისი ერგონომიკით გამოირჩევა და თითოეული დეტალი მომხმარებელს კიდევ ერთხელ არწმუნებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის სიტყვა „ხარისხი". ვეცადეთ „ვისოლ ჯგუფის" სავაჭრო ცენტრის გახსნა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე მოგვეხდინა, რომ საინტერსო საჩუქარი შეგვეთავაზებინა ვაკის მომხმარებლებისთვის და წინასააღდგომო საყიდლებისთვის ყველაზე კომფორტული გარემო შეგვექმნა", - განაცხადა ფხაკაძემ.
„დღეს საქართველოში დამატებითი სამუშაო ადგილები ჩნდება და ეს არის სამუშაო ადგილები ახალგაზრდა, კრეატიული და ბიზნესზე ორიენტირებული ადამიანებისთვის. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ საქართველო ღიაა ბიზნესისთვის", - აღნიშნა „სმარტისა" და „ვენდისის" გახსნაზე საქართველოში აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა.
ვაკის ობიქეტი „სმარტისთვის" მეცამეტე სუპერმარკეტია, ხოლო „ვენდის" ამერიკული რესტორანი თბილისში უკვე მეორე იფუნქციონირებს და თან მომხმარებელს ახალი პროდუქტით გაახარებს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაცდუნებლად მადისაღმძვრელი ბურგერია და მისი დაგემოვნება მათ პირველად ვაკის „ვენდისში" შეეძლებათ.
„სმარტის" სუპერმარკეტის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო არჩევანი და ზომიერი ფასები, კომფორტული „სმარტ კაფე" სრული მომსახურებით, ინტერნეტ (WIFI) ზონა, აფთიაქი, ბანკის ფილიალი, სხვადასხვა ტიპის მაღაზიები „ვენდის" ამერიკულ რესტორანთან ერთად მომხმარებელს სრულ კომფორტს შეუქმნის. 4500 კვადრატულზე განთავსებული პარკირების ზონა კი „სმარტში" და „ვენდისში" სტუმრობას უფრო მეტად სასურველს და მოსახერხებელს გახდის.