უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, წუხელ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ბარაკ ობამამ ვლადიმერ პუიტინი გააფრთხილა, რომ თუ რუსეთი არ შეწყვეტს თავის ჩარევას უკრაინის საშინაო საქმეებში, მოსკოვს კიდევ უფრო მკაცრი დამატებითი სანქციები ელოდება.
„პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის მთავრობის მხარდაჭერის გამო უკრაინაში მოქმედი შეარაღებული პრორუსული სეპარატისტებისადმი, რომლებიც ძირს უთხრიან უკრაინის ხელისუფლებას და სიტუაციის დესტაბილიზებას ახდენენ", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში ორი ქვეყნის ლიდერის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.
ვლადიმერ პუტინმა ბარაკ ობამას უპასუხა, რომ აშშ-ის შეშფოთება უადგილოა და ის „არასწორ ინფორმაციას ემყარება".
მისი თქმით, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე მოვლენები ქვეყნის ხელისუფლების არასწორმა და არაქმედითუნარიანმა პოლიტიკამ გამოიწვია:
„კიევს არ სურს ანგარიში გაუწიოს მოსახლეობის რუსულენოვანი ნაწილის ინტერესებს", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს.