26 აპრილიდან გერმანიაში საერთაშორისო პროექტში „კამერტონი" საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსები წარმოადგენენ.
გერმანიის ექვს ქალაქში კონცერტებს გამართავენ ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სასწავლებლის აღსაზრდელები თათა მახარაძე (ფორტეპიანო), გიორგი ოიკაშვილი (კლარნეტი), ნატა როინიშვილი (ვიოლინო), ლევან უგულავა (ფორტეპიანო), სპეციალური სტუმრის სტატუსით საგასტროლო კონცერტებში მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდა პიანისტი ირაკლი ოიკაშვილი.
ცნობილი უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებთან ერთად, კონცერტზე შესრულდება ქართველი კომპოზიტორის რევაზ ლაღიძის რონდო-ტოკატა, ირაკლი გეჯაძის "მერცხალი", გელა ჩარკვიანის საფორტეპიანო ციკლი "ირაკლიანა".
მოზარდთა მუსიკალური განათლებისა და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების მხარდამჭერი საერთაშორისო პროექტი „კამერტონი" გერმანიაში, ქალაქ ბერლინში, საზოგადოებრივი ორგანიზაციის Eurocon-ის ეგიდით, უკვე მეექვსე წელია არსებობს.
პროექტის მიზანია განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო კარიერის ხელშეწყობა, ასევე მასტერკლასებისა და კონცერტების ორგანიზება, სხვადასხვა ქვეყნებში შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება და განვითარება.
საქართველო საერთაშორისო პროექტს „კამერტონი" 2011 წლიდან შეუერთდა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად, პროექტის მხარდამჭერები არიან გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ბერლინის სენატი.
გერმანიაში საქართველოს წარმომადგენლები კონცერტებს 6 მაისამდე გამართავენ.