კომპანიები, რომლებსაც სახელმწიფო მნიშვნელობის, ე.წ. მეხუთე კლასისთვის მიკუთვნებული ობიექტების მშენებლობაში აქვთ მონაწილეობა მიღებული, დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.
"პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში" განხორცილებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა და ის "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა.
საქმე ეხება ჯარიმებს, როცა კომპანია მშენებლობისთვის დადგენილ ფარგლებს გასცდა, ან ჯარიმა მას სანებართვო პირობების დარღვევის გამო დაეკისრა. "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" მიხედვით, ეს ჯარიმები ერთჯერადი არ არის. ერთხელ დაჯარიმებული სუბიექტი, თუ დაშვებულ შეცდომას არ გამოასწორებს, სახელმწიფოს შეუძლია ის სამჯერ, სამმაგი ოდენობით დააჯარიმოს.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, დაჯარიმებული კომპანია მიმართავს სახელმწიფოს, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აღწერს რა მიზეზების გამო მოხდა პირობების დარღვევა, ან საზღვრებს იქით გასვლა და თუ სამინისტრო მიიჩნევს, რომ მისი მიმართვა მართებული და მისაღებია, მიმართავს მთავრობას.
ამასთან, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პირობაა, რომ მას პირველადი ჯარიმა გადახდილი უნდა ჰქონდეს. კომპანიის ჯარიმისგან გათავისუფლების უფლებამოსილება მთავრობას გააჩნია.