ნატო-ს კვირეულის ფარგლებში ,,შერატონ მეტეხი პალასში" ,,NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მოდელი" გაიმართა. ასამბლეის მონაწილეებს შემაჯამებელ შეხვედრაზე სიტყვით მიმართა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ახალგაზრდებს, ასევე, მიესალმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ.
ღონისძიების ფარგლებში 12 და 13 აპრილი სამუშო სესიებს დაეთმო. პროექტის მსვლელობისას დელეგატებმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, პოლიტიკური, ნატო-უკრაინისა და ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს, ნატო-რუსეთის საპარლამენტთაშორისო კომიტეტის უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ქვეშ იმუშავეს.
დღეს, შემაჯამებელ სესიაზე კი მიღებული კომუნიკეების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში გაიგზავნება. შეხვედრის ბოლოს 6 მომუშავე კომიტეტიდან გამოვლენილი საუკეთესო დელეგატები დააჯილდოვეს.
Model NATO Parlamentary Assembly -არის ,,ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის" გადაწყვეტილების მიღების პროცესისა და პოლიტიკის სიმულაცია. ღონისძიებაში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების დამამთვრებელი საფეხურის მოსწავლეები და აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მონაწილეობდნენ (სულ 250-მდე ახალგაზრდა).
ღონისძიების ინიციატორი და ფორმატის ავტორია არასამთვრობო ორგანიზაცია ,,YES Georgia", რომლის მთავარი პროექტები ნატო-სა და ევროკავშირს ეხება.