სასტუმრო „რედისონში" კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დაესწრნენ.
სხდომაზე საკოორდინაციო საბჭოს მდივანმა რუსუდან მიხელიძემ ანტიკორუფციული საბჭოსა და ღია მმართველობა - საქართველოს ფორუმის მუშაობის შესახებ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ღია მმართველობა - საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი, ინფორმაციის თავისუფლების კანონპროქტი, ასევე, საჯარო სამსახურის რეფორმა იყო.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ღია მმართველობა - საქართველოს საჯარო კონსულტაციების შესახებ ანგარიში წარმოადგინეს, რომელსაც საკმაოდ მაღალი შეფასება მისცეს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებს
საკუთარი რეკომენდაციები გააცნეს.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სხდომაზე საუბარი იყო ღია მმართველობა - საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის პროექტზე.
„მთავრობები ცივილიზებულ სახელმწიფოებში უნდა იყვნენ გახსნილები, გამჭვირვალეები და არა მხოლოდ მთავრობები, არამედ ნებისმიერი საჯარო სტრუქტურა იმისათვის, რომ ხალხმა იცოდეს, ვინ როგორ მუშაობს, რა ინფორმაცია ინახება მათთან, რათა ჰქონდეს ამომრჩეველს ინფორმაცია, თუ ვის ჩააბარა ხელისუფლება და იმსახურებს თუ არა ესა თუ ის ადამიანი, იყოს საჯარო უფლებამოსილების პირი. ჩვენ გვაქვს პარტნიორობის შესახებ სამდივნოს მიერ მოცემული ვადა ივნისამდე, რომ საბოლოო სამოქმედო გეგმა წარვადგინოთ. ყველა უწყებამ საკმაოდ საინტერესო ინიციატივა წარმოადგინა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავხადოთ უფრო ხელმისაწვდომი სახელმწიფო სტრუქტურები მოქალაქეებისთვის და როგორი უნდა იყოს ჩვენი ინოვაციური მიდგომა, რადგან ინოვაციების გარეშე არ არსებობს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოება", - განაცხადა მინისტრმა