საგარეო უწყებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვებისთვის დამკვირვებლებს მოწვევა უკვე გაუგზავნა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საპრეზიდენტოსგან განსხვავებით დიდი რაოდენობით დამკვირვებელი აღარ ჩამოვა.
"დამკვირვებლებს მოწვევა პირველად გავუგზავნეთ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, ხოლო შემდეგ, როდესაც არჩევნების სავარაუდო თარიღი გახდა ცნობილი. გამოხმაურება ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა იმასაც აქვს მნიშვნელობა, რომ საქართველოს პრესტიჟი არის ამაღლებული, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აქვს ნდობა და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ იმდენი დამკვირვებელი ამ არჩევნებზე აღარ ჩამოვა, როგორც ჩამოვიდა წინაზე", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, შესაძლოა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა დამკვირვებლები არ გამოგზავნოს.
"შეიძლება ODIHR-მა არ გამოგზავნოს დამკვირვებლები, რადგან ესაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს არ შედის მის კომპეტენციაში", - განაცხადა ფანჯიკიძემ.