იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი ინიციატივას ეხმიანება და მას პოზიტიურად აფასებს.
,,როგორც შარშან საპრეზიდენტო არჩევნების დროს პრემიერმა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, წელსაც ტრადიციას აგრძელებს პრემიერ-მინისტრი და მან გამოაცხადა მორატორიუმი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის იმისათვის, რომ უშუალოდ აქტიურად ჩართული პირები ვინც არიან წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელი პარტიის წარმომადგენლებიც არ უნდა იყვნენ ისინი, პრემიერმა მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ თუ კი რაიმე გარდაუვალი აუცილებლობა არ არსებობს, ან თუ არ არის საპროცესო ვადების დარღვევის საფრთხე, ასეთ შემთხვევაში არ მოხდეს ამ ადამიანების დაკითხვაზე დაბარება იმისთვის, რომ მომავალი ორი თვის განმავლობაში შეძლონ ამ ადამიანებმა, სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება", - განაცხადა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა მიმართ სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე მორატორიუმს აცხადებს.
აღნიშნული წინადადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცავ ორგანოებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გახდეს კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ საქართველოში განხორციელდა რეალური ცვლილებები და ქვეყანას მართავს დემოკრატიის გზაზე მდგარი პოლიტიკური გუნდი, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარების გარანტია.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა პარტიას მიეცეს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. სწორედ ამიტომ, მინდა გამოვაცხადო მორატორიუმი და მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად შეიკაონ თავი იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისა და იმ პირების დაკავებისგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში. ეს უნდა იყოს უკიდურესი ზომა და თან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მკაფიოდ დასაბუთებული, გადაუდებელი აუცილებლობა. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია არჩევნების პერიოდში პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფა", - განაცხდა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე მოუწოდებს მედიასაშუალებებს, ობიექტურად და მიუკერძოებლად მიაწოდონ საზოგადოებას სრული ინფორმაცია წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ, ასევე მიმართავს საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ჩართონ კვალიფიციური დამკვირვებლები საარჩევნო პროცესის მონიტორინგში.
„მოგვაწოდონ შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებსაც, გპირდებით, უყურადღებოდ არ დავტოვებთ. ჩვენი მიზანია, არჩევნების შედეგები მთლიანად ასახავდეს ხალხის ნებას. მჯერა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ისევე როგორც წინა, საპრეზიდენტო არჩევნები, იქნება სამაგალითო და უპრეცენდენტო არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.