მიმდინარე დაკითხვებთან დაკავშირებით, შესაძლოა, უწყებათაშორისმა კომისიამ გარკვეული ტიპის რეკომენდაცია შეიმუშაოს, რომელიც მომავალი კვირის ორშაბათამდე იქნება გამოცემული.
ამის შესახებ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მას შემდეგ განაცხდა, რაც დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული საკითხი განიხილებოდა.
"კომისიის წევრები ამაზე ვიმსჯელებთ, რადგან მნიშვნელოვანია, როგორც წინა კომისიის მუშაობის პირობებში, ახლაც დაკითხვებთან დაკავშირებით გარკვეული ტიპის რეკომენდაცია შემუშავდეს. სავარაუდოდ, როგორც კი შევჯერდებით, ამგვარი რეკომენდაცია გამოცემული იქნება ყველაზე გვიან ორშაბათ საღამოს", - განაცხადა წულუკიანმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საპარლამენტო უმცირესობის წევრის როლანდ ახალაისათვის ბრალის წაყენების საკითხი იქნა დასამული.
პროკურატურამ საქართველოს პარლამენტის წევრს როლანდ ახალაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით წარუდგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
როლანდ ახალაიას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.