2014 წლის 3-4 აპრილს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე და ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე თურქეთში, სტამბოლის გამოფენისა და კონგრესის ცენტრ „TUYAP"-ში საერთაშორისო გამოფენა „Expo MED 2014"-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრნენ, ასევე შეხვდნენ თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს მეჰმედ მუეზზინოღლუს და საგამოფენო ცენტრ „TUYAP"-ის პრეზიდენტს ბულენ ონალის, თურქეთის წამყვანი სამედიცინო კლინიკების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს.
მეზობელ ქვეყანაში ვიზიტის შესახებ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა და რეგიონის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ 10 აპრილს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს. როგორც მათ აღნიშნეს, რიგით 21-ე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდნენ იტალიის, გერმანიისა და კვიპროსის ჯანდაცვის მინისტრები. ცნობილია ისიც, რომ „Expo MED 2014" ერთ-ერთ მნიშნელოვანი ბიზნეს-პლათფორმაა თურქეთის ჯანდაცვის ინდუსტრიაში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 40 ქვეყნის 1 200 კომპანიის უახლესი სამედიცინო აპარატურა, სხვადასხვა ტექნიკა, სადიაგნოსტიკო და სარეაბილიტაციო საშუალებები, მედიკამენტები და ა.შ.
ჯემალ ფუტკარაძის და ლევან გორგილაძის განცხადებით, საქართველოდან სტამბოლის გამოფენაზე, საკუთარი პროდუქცია წარადგინეს ფარმაცევტულმა საწარმომ „ჯი-ემ-პი-მ" და პლასტიკური მედიცინის ცენტრმა „ტოტალ შარმმა". „Expo MED 2014"-ზე დამთვალიერებლის სტატუსით იმყოფებოდა საქართველოს სამედიცინო სფეროს 100-მდე წარმომადგენელი. გამოფენა 6 აპრილს დღის ბოლოსათვის დაიხურა.
გამოფენის ფარგლებში ქართული დელეგაცია დაესწრო სამედიცინო ცენტრ "მედიკალ პარკში" გამართულ ძალზე მნიშვნელოვან ღონისძიებას. როგორც უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ჯემალ ფუტკარაძემ აღნიშნა, ისინი სწორედ აქ შეხვდნენ საქართველოდან, კერძოდ აჭარიდან წარგზავნილ 7 ახალგაზრდა ექიმ-სპეციალისტს, რომლებიც კლინიკაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფებიან. მათ ხელმძღვანელობს ცნობილი კარდიოლოგი, წარმოშობით ქართველი პროფესორი ისმეთ დინდარი (მიქელაძე).
- ეს გახლავთ თურქეთის ერთ-ერთი უდიდესი და ავტორიტეტული ბახჩაშეირის უნივერსიტეტის საბაზისო კლინიკა და მის რექტორთან ენვერ იუჯელთან შეხვედრისას ქართველი ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამის გაგრძელების საკითხი გადაწყდა. გარდა ამისა, მომავალი ექიმები სტაჟირებას გაივლიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის სამედიცინო კლინიკებში. თურქი მედიკოსები მზად არიან, იზრუნონ ქართველი ექიმების დასაქმებაზეც,- განაცხადა ჯემალ ფუტკარაძემ.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ლევან გორგილაძის განცხადებით, სამომავლოდ ბათუმში ერთობლივი ძალისხმევით გაიხსნება სამედიცინო ფაკულტეტი და შესაბამისი სამედიცინო ცენტრი. ბრიფინგის ორგანიზატორებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს პროფესორ ისმეთ დინდარისადმი (მიქელაძე), რომელიც სამედიცინო სფეროში ქართულ-თურქული ურთიერთობების ხელშეწყობასა და გაღრმავებაზე წლებია ზრუნავს.