2014 წლის 3 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე, ქ. სტამბოლში, გამოფენისა და კონგრესის ცენტრ „TUYAP"-ში საერთაშორისო გამოფენა „Expo MED 2014"-ის გხსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრო. გამოფენის ფარგლებში ლევან გორგილაძე შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს მეჰმედ მუეზზინოღლუს და საგამოფენო ცენტრ „TUYAP"-ის პრეზიდენტს ბულენ ონალის.
შეხვედრაზე თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა და „TUYAP"-ის პრეზიდენტმა ლევან გორგილაძეს გამოფენაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადეს. მისასალმებელი სიტყვის დასრულების შემდეგ გაცვალეს სიმბოლური საჩუქრები.
საერთაშორისო გამოფენაში, ასევე მონაწილეობდნენ იტალიის, გერმანიისა და კვიპროსის ჯანდაცვის მინისტრები. 4 აპრილს გამოფენას შეუერთდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე. საკანონმდებლო ორგანოს წევრმა გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქცია „TUYAP"-ის ხელმძღვანელებთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.
სტამბოლი გამოფენა „Expo MED 2014"-ს წელს ოცდამეერთედ მასპინძლობდა. იგი ერთ-ერთ მნიშნელოვან ბიზნეს-პლათფორმას წარმოადგენს თურქეთის ჯანდაცვის ინდუსტრიაში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 40 ქვეყნის 1 200 კომპანიის უახლესი სამედიცინო აპარატურა, სხვადასხვა სახის ტექნიკა, სადიაგნოსტიკო და სარეაბილიტაციო საშუალებები, მედიკამენტები და სხვა.
საქართველოდან გამოფენაზე, საკუთარი პროდუქცია წარადგინეს ფარმაცევტულმა საწარმომ „ჯი-ემ-პი"-მ და პლასტიკური მედიცინის ცენტრმა „ტოტალ შარმი"-მ. „Expo MED 2014"-ზე დამთვალიერებლის სტატუსით იმყოფებოდა საქართველოს სამედიცინო სფეროს 100-მდე წარმომადგენელი.
„Expo MED 2014"-ი „TUYAP"-ის საგამოფენო ცენტრში 3-6 აპრილის განმავლობაში მიმდინარეობდა.