თურქეთში ვიზიტის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე თურქეთში მოღვაწე ცნობილ ქართველ კარდიოლოგთან ისმეთ დინდართან ერთად, რომელიც ამავდროულად თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდის მმართველი საბჭოს წევრია „ბაჰჩეშეჰირის" უნივერსიტეტის რექტორს ენვერ იუჯელს და უნივერსიტეტის დეკანს თურქერ ქილიჩეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მასპინძლებმა ისაუბრეს „BAU"-ს უნივერსიტეტის ფილიალის ბათუმში გახსნის შესახებ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე მშენებარე სამედიცინო დაწესებულების შენობაში განთავსდება. უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე წარიმართება, ამიტომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელები წარმომადგენლობის ბათუმში გახსნამდე სამედიცინო განათლების მიღების მსურველი 100 აბიტურიენტის ინგლისური ენის შესასწავლად თურქეთში მიწვევას განიხილავს, რათა გაუმარტივდეთ ბათუმში სწავლის გააგრძელება.
უნივერსიტეტის რექტორის ენვერ იუჯელის თქმით „BAU"-ს უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალი თავისი მასშტაბებითა და სწავლის ხარისხით ერთ-ერთი წარმატებული საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება. სტუდენტები სასწავლო კურსის ნაწილს თურქეთში გაივლიან.
„ბაჰჩეშეჰირის" უნივერსიტეტში 9 ფაკულტეტი ფუნქციონირებს, განათლებას 17 ათასი სტუდენტი ღებულობს, საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2 სადოქტორო პროგრამა ხორციელდება.