გრძელდება საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (eDocument) დანერგვა სხვადასხვა სახელისუფლებო სრუქტურებში. ამჟამად სისტემა დაინერგა სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში და საგარეჯოსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.
ელექტრონული სისტემის დანერგვას წინ უძღოდა აღნიშნული დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეების ტრენინგები და კონსულტაციები.
საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მიზანია საქმისწარმოების პროცესების მაქსიმალური გამარტივება, ხელმისაწვდომობა და კომპიუტერიზაცია. სისტემა უზრუნველყოფს საოფისე დოკუმენტაციის ეფექტურ ელექტრონულ მართვას და საჭირო დოკუმენტებსა და დავალებებზე სწრაფ წვდომას. სისტემის საშუალებით მარტივად ხორციელდება ყველა სახის კორესპონდენციის, დავალებების, მათზე რეაგირებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების მუდმივი მონიტორინგის პროცესი.
სისტემას ახასიათებს სიმარტივე და მოქნილობა მოხმარებისას; სამუშაოს შესრულებაზე დახარჯული დროისა და რესურსების მნიშვნელოვანი ეკონომია; მცირე ადმინისტრაციული დანახარჯები და მუშაობის მაღალი ხარისხი; მენეჯმენტის გადაწყვეტილებების დროული მიღებისა და შესრულების პროცესის ოპტიმიზაცია.
აღსანიშნავია, რომ სისტემის იმპლემენტაცია განხორციელდა უსასყიდლოდ.