"მოხიბლული ვართ საქართველოს ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოთი და ბიზნესისადმი მეგობრული დამოკიდებულებით", - ამის შესახებ განცხადება კომპანია Honeywell-ის პრეზიდენტმა შეინ ტეჯარეთიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით პირველად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არა უკანასკნელად. მოხიბლული ვართ საქართველოს ღია და გამჭვირვალე საინვესტიციო გარემოთი და ბიზნესისადმი მეგობრული დამოკიდებულებით. ველოდებით საქართველოსთან თანამშრომლობას ტექნოლოგიების გამოყენება-განვითარების, სუფთა ენერგიის წარმოების, დაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით", - აღნიშნა შეინ ტეჯარეთიმ.
პრემმიერ-მინისტრთან შეხვედრით კმაყოფილია „ჩალიკ ჰოლდინგის" თავმჯდომარე. მისი განმარტებით, კომპანია მზად არის, მომავალშიც განახორციელოს ინვესტიციები საქართველოში.
„ჩვენ გვჯერა საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის", - განაცხადა აჰმეტ ჩალიკმა.
როგორც შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განმარტა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნესკლიმატის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
„საქართველოს მთავრობის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ მივესალმებით და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ თქვენს ინვესტიციებს საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე.
„ჩალიკ ჰოლდინგი" საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი ინვესტორია. ამასთან, 2012 წლის აგვისტოში „ჩალიკ ენერჯიმ" ხელი მოაწერა საპარტნიორო ფონდთან 200 მილიონი დოლარის მოცულობის კონტრაქტს, რომელიც გარდაბანში კომბინირებული ციკლის ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს.
Honeywell-ი 100 იღბლიანი კომპანიის (Fortune 100) სიაშია და მისი საქმიანობის მთავარი სფეროა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევების დასაძლევად ახალი ტექნოლოგიების გამოყენება და განვითარება, სუფთა ენერგიის წარმოება, დაცვა და უსაფრთხოება, გლობალიზაცია და მომხმარებლის პროდუქტიულობა. Honeywell-ს მსოფლიოს მასშტაბით 132 ათასი დასაქმებული ჰყავს და აერთიანებს 22 ათას მეცნიერსა და ინჟინერს. კომპანია ფოკუსირებულია სატრანსპორტო სისტემებზე, ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემებსა და საჰაერო სივრცეზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილიც ესწრებოდა.