მიმდინარე წლის 10 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ორმხრივი შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში.
ფინანსთა მინისტრი შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილეს, მინ ჟუს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს მასუდ აჰმედს, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს ფრანკ ჰემსკერს.
„მსოფლიო ბანკში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში, „ოპიკში" განიხილება კერძო სექტორის მხარდაჭერის პროექტები, საერთაშორისო სავალუტო ფონდში საუბრის ძირითადი თემაა მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემდგომი სრულყოფის, ფისკალური დეფიციტის შემცირების საკითხები. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოსა (MIGA) და საინვესტიციო კომპანია J.P Morgan-ის წარმომადგენლებთან," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში, რომელიც 11 აპრილს გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები