"ნაციონალური მოძრაობა" 10 აპრილის მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გმობს პოლიტიკურ ძალადობას.
"10 აპრილს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქციები ანაკლიაში, თბილისში, თელავსა და წყალტუბოში გახდა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული თავდასხმების ობიექტი. "ქართული ოცნების" მობილიზებულმა აქტივისტებმა ჩაშალეს აღნიშნული ღონისძიებები, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, არ მისცეს მათ ჟურნალისტებთან საუბრის შესაძლებლობა. მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ჩატარების საშუალება არ მიეცა თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას. აღსანიშნავია, რომ თავდასხმები მოხდა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელშეწყობით. კერძოდ, ისინი შესაძლებელი გახდა "ნაციონალური მოძრაობის ლიდერების" მიმართ ხელისუფლების მიერ განხორციელებული უკანონო თვალთვალისა და მოსმენის შედეგად. სხვა შემთხვევაში სრულიად გამორიცხული იყო "ქართული ოცნების" აქტივისტებს სცოდნოდათ, რომელ რეგიონში, რომელ კონკრეტულ ადგილას, რომელ საათზე გეგმავდა წინასაარჩევნო ღონისძიებებს "ნაციონალური მოძრაობა". ამავე დროს, პრაქტიკულად ყველა აღნიშნული ინციდენტის შემთხვევაში, სამართალდამცავები ადგილზე გამოჩნდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაპირისპირება დასრულდა. 10 აპრილის თავდასხმები არის "ქართული ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკურ რეპრესიებსა და ძალადობაზე დამყარებული ტაქტიკის მორიგი გამოვლინება. წინასაარჩევნო ღონისძიებების ჩაშლა ფიზიკური თავდასხმების გზით შეუთავსებელია დემოკრატიულ მმართველობასთან. თუკი ამ ტიპის ბინძური და უკანონო მეთოდების გამოყენებით ხელისუფლება შეზღუდავს ოპოზიციური პარტიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვერ შეფასდება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ეს კი სერიოზულ ზიანს მიაყენებს ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და ევრო-ატლანტიკური საგარეო კურსის პერსპექტივას", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.