ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა.
აღნიშნული კანონმდებლობის მიღება ერთერთი იმ მოთხოვნათაგანია, რომლის შესრულებაც საქართველომ იკისრა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ევროკავშირისგან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მიღების მიზნით.
კანონპროექტი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" უზრუნველყოფს დისკრიმინაციის წინააღმდეგ დავას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი, ან წოდებრივი მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური, ან სხვა შეხედულების მიუხედავად.
დოკუმენტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზია არსებული ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის არაეფექტურობა.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოქმედი კანონმდებლობა დისკრიმინაციის მსხვერპლის დასაცავად თითქმის იმავე უფლებამოსილებას ანიჭებს სახალხო დამცველს.
28 მარტს, მთავრობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტის წარდგენას, თუმცა, იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წინადადებით მიმართა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რომ განეხილა მისი ინიციატივა კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთების თაობაზე, რომლის მიხედვითაც "ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა".
ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნული წინადადება მიზნად ისახავს იმ "სპეკულაციის" თავიდან აცილებას, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის ირგვლივ.
კანონპოექტი სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ითვალისიწინებს სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციისგან ადამიანების დაცვას.