„საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში ობიექტურად არ ასახავს იმ პროგრესსა და პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რეალურად მიმდინარეობს“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა თორნიკე ფაღავამ.
მისივე ინფორმაციით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, თუმცა ამ ანგარიშის შეფასების საპირისპიროდ, საქართველოს ხელისუფლებამ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიუხედავად ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებისა, გაატარა უალტერნატივო, პრაგმატული საგარეო პოლიტიკა და შეძლო ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. მისივე თქმით, ამ ყველაფერმა სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, მოგვცა საშუალება, ბოლო 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად თითქმის 10%-ით გაგვეზარდა ქვეყნის ეკონომიკა და მოგვეზიდა დამოუკიდებლობის ისტორიაში უპრეცენდენტო 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია.
„ევროკომისიის ანგარიშში, ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში მიღებულია კანონმდებლობა, რომელიც დემოკრატიულ უკუსვლად აღიქმება და ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილებულია გამჭვირვალობის შესახებ კანონზე.
ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, რომ კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიჩნეულია დემოკრატიის დამცველ კანონმდებლობად, საქართველოში აღქმული იყოს, როგორც დემოკრატიის უკუსვლა. საქართველო არის სამიათასწლოვანი სახელმწიფო და დიახ, როგორც ყველა დემოკრატიული სახელმწიფო, საქართველოც დაიცავს თავს უცხოური გავლენისაგან, რაც დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის აღიარებული.
ასევე, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მთავრობის მიერ საქართველოში გაძლიერდა ანტიდასავლური პროპაგანდა და მტრული რიტორიკა ევროკავშირის მიმართ.
საქართველოს საუკუნეების განმავლობაში მნიშნელოვანი წვლილი შეჰქონდა დასავლური ცივილიზაციის შექმნაში, ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვიყავით და ვართ თანამონაწილე ევროპული კულტურისა და ევროპული პოლიტიკის“, - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მიღებულია ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელშესახები პრაქტიკული ინსტრუმენტები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
„ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაზე დიდი დასავლური ფასეულობაა კრიტიკის და განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება და ის, რომ არავინ არის კრიტიკის მიღმა, მათ შორის არც ევრობიუროკრატია.
როგორც არ უნდა ეცადნონ ოპოზიციურად განწყობილი ძალები, რომ ეს კრიტიკა წარმოაჩინოს ანტიდასავლურ რიტორიკად ან პროპაგანდად, ჩვენ ვართ დასავლეთი და ჩვენი კრიტიკა არის შიდადასავლური მსჯელობა, გნებავთ შიდა დასავლური კრიტიკა და დიახ, ეს კრიტიკა გაგრძელდება ყველა დასავლური პლატფორმიდან, მანამ სანამ არ მივაღწევთ თანაბარ მოპყრობას, გულწრფელ დამოკიდებულებას და საერთო თამაშის წესებს, ჩვენი ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.