„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით გამარტივდება მასშტაბური სამშენებლო პროექტის განხორციელების პირობები. აღსანიშნავია, რომ ცვლილება უკავშირდება მხოლოდ მე-5 კლასის ხაზობრივ ნაგებობებს (მაგალითად: მაგისტრალური გზა, მაგისტრალური წყალსადენი და ა.შ. ) და არ ეხება ჰესების, ან რომელიმე კონკრეტული ობიექტის მშენებლობას. ცვლილება ასევე არ ეხება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ან სხვა რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოდან მოსაპოვებელი შეთანხმების თუ დასკვნის პროცედურას.
ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელების მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ბოლომდე არ არის გათვალისწინებული პრაქტიკაში არსებული ყველა ნიუანსი, რაც აფერხებს სახელმწიფო მნიშვნელობის მასშტაბური სამშენებლო პროექტების განხორციელებას.
კერძოდ: ნებართვის მაძიებელისთვის, პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება მოკლე ვადებში მშენებლობის ზონაში მოყოლილი ყველა მესაკუთრეს დადგენა და არსებული ნაკვეთების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
დადგენილებაში ცვლილების შეტანის შემდეგ მასშტაბური სამშენებლო პროექტის ნებართვის მაძიებელს მიეცემა პირობიანი ნებართვა, რომლის საფუძველზეც ის შეძლებს პროექტის შეუფერხებლად განხორციელებას. კერძოდ, ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობის დროს ნებართვის მაძიებელს შესაძლებლობა მიეცემა დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც მოიპოვებს საკუთრების თუ სარგებლობის უფლებას, ხოლო ამ სამშენებლო ზონის/ტრასის კოორდინატებში უძრავი ქონების მესაკუთრეთა იდენტიფიცირებას, უძრავ ქონებაზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების მოპოვებას, სტატუსის შეცვლას, რეგისტრაციას, აგრეთვე სხვა საჭირო გარემოებათა დაზუსტებას მოახდენს მშენებლობის პარალელურად. მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის წარმოება.
ასეთი რეგულაცია 2010 წლიდან ვრცელდებოდა საავტომობილო მაგისტრალების მშენებლობაზე, რამაც დაადასტურა აღნიშნული წესის სხვა ანალოგიურ ხაზობრივ ობიექტებზე გავრცელების მიზანშეწონილობა. მთავრობის დადგენილებაში შესატანი ცვლილების მიზანი მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობაა.