მთავრობამ სვანეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო, საუბარია თეთნულდში სათხილამურო გზის მშენებლობაზე.
„მთავრობამ სვანეთში, თეთნულდის სათხილამურო ტრასის მშენებლობის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, რომლისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 5 მლნ ლარი გამოიყო. ჩვენი მხრიდან უკვე დასრულებულია საპროექტო სამუშაოები და უახლოეს დღეებში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. ის მოწყობილობა, რაც ჩვენ საფრანგეთიდან მივიღეთ დასაწყობებულია. გარდა ამისა წელს დამატებით ველოდებით, რამდენიმე ათეულ კონტენიერს. მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტროდან უკვე მიღებულია და მის მშენებლობას ძალიან მალე დავიწყებთ"- განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის მაისში „თეთნულდი დეველოპმენტის" 100 %-იანი წილი მართვის უფლებით რეგიონალური განვითარების სამინისტროს მართვაში გადავიდა, მანამდე „თეთნულდი დეველოპმენტი" ეკონომიკური განვითარების ბალანსზე ირიცხებოდა. „თეთნულდი დეველოპმენტი" ოფიციალურად 2013 წლის 1-ელ მაისს დაფუძნდა და მის მფლობელობაში თეთნულდში მდებარე საბაგირო გზა ირიცხება.