საქართველოს პარლამენტისა და ევროკავშირის დაფინანსებით, ახალი პროექტის განხორციელება დაიწყება, რომლის სრული ბიუჯეტი 1,665,000 ევროს შეადგენს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, საპარლამენტო დემოკრატიის ხელშეწყობის ფარგლებში, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალი ინიციატივის ოფიციალური წარდგინება დღეს არის დაგეგმილი.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და საქართველოს პარლამენტი, ხოლო განახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა.
2.5 წლიანი პროექტი ხელს შეუწყობს პარლამენტის თანამშრომლობას ევროპელ პარტნიორებთან, მაღალი რანგის საერთაშორისო მრჩეველების მოწვევას და საჯარო დისკუსიის ჩატარებას ევროპული ინტეგრაციის შესახებ.
ასევე გათვალისწინებულია, პარლამენტის მხარდაჭერა ბიუჯეტის კონტროლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.
ამასთან, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა დაეხმარება საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმის განხორციელებასა და რეგლამენტის გადახედვაში.
პროექტი ეყრდნობა გაეროს განვითარების პროგრამის ათწლიან გამოცდილებას
საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობის საქმეში.
ღონისძიებას დაესწრებიან: პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი.