ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მძღოლი მამუკა ქუსიკაშვილი პროკურატურისგან დაკითხვას ითხოვს. როგორც ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში ქუსიკაშვილმა განაცხადა 5 წელია უკვე, რაც თურქეთში ცხოვრობს და საქართველოში პირადი საქმეების გამო ჩამოვიდა, თუმცა დაბრუნების შესაძლებლობა აღარ ეძლევა.
ქუმსიკაშვილის განცხადებით, იგი თურქეთში დაბრუნებას აპირებდა, თუმცა საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს, უკან დაბრუნებულს კი პროკურატურის თანამშრომლებმა უწყება ჩააბარეს. უწყების თანახმად, 28 მარტს, 15:00 საათზე, საგამოძიებო უწყებაში უნდა გამოცხადებულიყო.
"ჩამოვედი თბილისში, ავიყვანე ადვოკატი, დამირეკა გამომძიებელმა, დაახლოებით 12:00 საათი იყო, მითხრა ახლა მცალია და შევხვდეთო. მე იმ წუთში შორს ვიყავი პროკურატურიდან და ვუთხარი, ცოტა მოგვიანებით მოვალ-მეთქი. 14.00 საათზე მზად ვიყავი მისასვლელად. დავრეკე და გამომძიებელმა მითხრა, მე არ მცალია და როცა მოვიცლი, მერე დაგკითხავ- კვირის განმავლობაში. მეორე კვირა მთავრდება და ჯერ არ დაუკითხივარ. გუშინაც ველაპარაკე გამომძიებელს და მეუბნება, დრო არ მაქვს, ვერ დაგკითხავო", - განაცხადა ქუსიკაშვილმა.
ქუმსიკაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია რა საკითხთან დაკავშირებით აქვს გამოძებას შეკითხვები.
,, ზუსტად არ ვიცი მაგრამ, შესაძლოა, ჩემი დაბარება ჟვანიას გარდაცვალების ღამეს მომხდარ ავარიას უკავშირდებოდეს. იმ საღამოს თავისუფლების მოედანზე პრეზიდენტის მანქანა ავარიაში ნამდვილად მოჰყვა მაგრამ იქ სააკაშვილი არ იჯდა. მარტო ვიყავი", - აცხადებს ქუსიკაშვილი.