10 აპრილს, 19:00 საათზე, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში სპექტაკლის "ჩიპოლინო" პრემიერა გაიმართება.
ჯანი როდარის ყველასათვის ნაცნობ და საყვარელ ნაწარმოებზე, „ჩიპოლინოს თავგადასავალზე", შექმნილი მუსიკალური სპექტაკლი რეჟისორმა მაია ჩართოლანმა დადგა.
პიესაში, ჩიპოლინო და მისი ერთგული მეგობრები, თავიანთი მშობლების გადარჩენისათვის იბრძვიან, რომლებიც გაიძვერა სინიორ პომიდორმა ციხეში, სრულიად უდანაშაულოდ ჩაყარა. საბოლოოდ მეგობრობა იმარჯვებს და ამ სპექტაკლის მთავარი სათქმელიც სწორედ ესაა.
სპექტაკლში მოქმედება ჩვენს დროშია გადმოტანილი და მოქმედება სუპერმარკეტ გუდვილში მიმდინარეობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მუსკომედიის თეატრის პიარ-მენეჯერმა ნინო გალეგაშვილმა განუცხადა, "მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწარმოები გასული საუკუნის 50-იან წლებში გამოიცა და მასში მოქმედება ზღაპრულ ქვეყანაში მიმდინარეობს, სადაც ყველა ხილისა და ბოსტნეულისაა, სპექტაკლში ყველაფერი სხვაგვარადაა, მოქმედება ჩვენს დროშია გადმოტანილი და ყველაფერი სუპერ მარკეტ „გუდვილში" ხდება. მაღაზიის დახლებზე შემოწყობილი ხილი და ბოსტნეული ცოცხლდება და ალიაქოთიც იწყება."
სპექტაკლში მნიშვნელობა ენიჭება როგორც სანახაობით ასევე მის მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ მხარეს. უჩვეულო სცენოგრაფია, ლამაზი, ფერადი კოსტიუმები, სიმღერები, ცეკვები და სასცენო კასკადიორული ნომრები, საინტერესოს, სასაცილოსა და გასართობს ხდის სპექტაკლს, -განაცხადა ნინო გალეგაშვილმა.
მუსიკალურ მასალად გამოყენებულია ბროდვეისა და ჰოლივუდის მიუზიკლებიდან აღებული სხვა და სხვა მუსიკალური ნაწარმოებები. მონაწილეობენ: ანა ზამბახიძე, იური ვასაძე, მარინა ჯოხაძე, მანანა ტატიშვილი, თინა მერკვილაძე, ლაშა რამიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, გიორგი ყველაშვილი, ანა ჯავახიშვილი, ანა ქურთუბაძე, სალომე ყიფიანი, ნატა ბერეჟიანი, მარიკა ლოლაძე, თომა ბულაშვილი, აკაკი თოფურია, ნუგზარ ახალკაცი, მაია წითლიძე და სხვები.
მასალის გამოყენების პირობები