7 აპრილს, 19:00 საათზე მწერალთა სახლში - გამომცემლობა "დიოგენე" წარმოგიდგენთ დავით გაბუნიას პიესების კრებულს - წიგნში შესულია ოთხი პიესა: "რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება", "Holland Holland", "ლავინიას ყურები", "თურქი ბიჭის, სეფიდეხ ნესინის ცხოვრება და აღსასრული".
დავით გაბუნიასთვის ეს მეორე კრებულია. მისი ნაწარმოებები პირველად 2010 წელს გამოიცა.
როგორც ავტორმა „ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, პიესა "Holland Holland" დაიწერა ფოთის თეატრისთვის სადაც დაიდგა კიდეც.
„პიესას "რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება" ახლა ახალგაზრდები დგამენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, რაც ძალიან მიხარია", - განაცხადა დავით გაბუნიამ და დასძინა, რომ „პიესები - "ლავინიას ყურები", "თურქი ბიჭის, სეფიდეხ ნესინის ცხოვრება და აღსასრული" ცალკეული პროექტის ფარგლებში რუსთაველის თეატრში იქნა გათამაშებული".
ავტორი აცხადებს, რომ მისთვის საინტერესო იყო დაენახა და სხვებისთვისაც ეჩვენებინა მამაკაცის კრიზისის თემა, როგორ ვერ უმკლავდება თანამედროვე მამაკაცი საკუთარ როლს და მცდარ წარმოდგენას იმაზე, რომ აუცილებლად სუპერმენი თუ მაჩო უნდა იყოს.
პრეზენტაციის მოდერატორი ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია იქნება.
კრებულის რედაქტორია სოლომონ ნოზაძე. გარეკანის დიზაინერი ბესიკ დანელია
დიზაინერი ნინო გურული.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს დავით გაბუნიას გადაეცა საქველმოქმედო ფონდ "ცისკრის" მიერ დაწესებული დამოუკიდებელი თეატრალური პრემია "დურუჯი" წლის საუკეთესო ახალი პიესის ნომინაციაში. პრემიის ინიციატორი და მხარდამჭერია კომპანია "რედიქსი".
გამომცემლობა "დიოგენემ" კი გამარჯვებული დრამატურგისთვის დააწესა პრიზი - პიესების კრებულის გამოცემა.