5 აპრილს ,აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის ზღვაზე (კადეტთა კორპუსი N5)   მცხოვრებ  აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდებათ. გამოკვლევები 11:00 საათზე დაიწყება და რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ-სპეციალისტების მაღალკვალიფიციური ჯგუფი დევნილებს მთელი დღის განმავლობაში მოემსახურება.
გამოკვლევებს აფხაზეთის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ კორძაია დაესწრებიან. 
სამედიცინო აქციის ფარგლებში, დევნილებს უფასოდ სხვადასხვა ტიპის  ლაბორატორიული და ინსტრუმენტული (ექოსკოპია, ართროექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, ენცეფალოგრამა) გამოკვლევები ჩაუტარდებათ  .  თბილისის ზღვის რამდენიმე კომპაქტურ ჩასახლებაში ორი ათასამდე ბენეფიციარი, მათ შორის ოთხასამდე ბავშვია  რეგისტრირებული. 
სამედიცინო აქცია 3 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და რესპუბლიკურ საავადმყოფოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმართება.
კლინიკა მომავალშიც პერიოდულად განახორციელებს  კომპაქტურ ჩასახლებებში ბენეფიციართა უფასო სამედიცინო გამოკვლევებს.