დღეს საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და საქართველოს პარლამენტის ჩინეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქ. პეკინში ჩინეთის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს Li Giping-ს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთის განვითარების ბანკის მიერ საქართველოში მსხვილი საინვესტიციო პროექტების დაფინანსების და ეკონომიკის სფეროში საქართველოს სტრატეგიული განვითარების მიმართულებები განიხილეს.
დავით საგანელიძემ ჩინურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია ამ სფეროში საქართველოს მთავრობის მიერ დასახული პრიორიტეტებისა და იმ მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების შესახებ, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება საქართველოში.
ჩინეთის განვითარების ბანკის ხელმძღვანელობამ თავის მხრივ დიდი ინტერესი გამოხატა საქართველოში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ.
ჩინეთის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა გამოთქვა საქართველოში ჩამოსვლის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი. ბატონი ლი განსაკუთრებით დაინტერესდა უკანასკნელ პერიოდში საქართველოში გახმოვანებული საქართველოს განვითარების ბანკის პროექტით.
ჩინეთის განვითარების ბანკის ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზადყოფნა ბანკის შექმნისა და ჩამოყალიბების პროცესში პირადად ჩართვის თაობაზე, კონსულტაციების გამართვის, რეკომენდაციების, გამოცდილების და გაზიარების კუთხით.
ჩინეთის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღუთქვა ქართულ მხარეს იმ პროექტების დაფინანსების მხარდაჭერა, რომლებიც ამ ბანკის მიერ იქნება განხორციელებული.
ჩინეთის განვითარების ბანკი (CDB ) დაარსდა 1994 წელს სახელმწიფო და კომერციული ბანკების რეფორმირების შედეგაც.
ბანკი შეიქმნა, რათა უზრუნველყოს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური გავითარების მოდერნიზაცია. (CDB ) მისიაა გააუმჯობესოს ჩინეთის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის და მოსახლეობის ცხოვრების დონე.