მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი ჯოხაძე საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე არგამოცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა მოქალაქეობრივი ვალი არ მოიხადა.
მისივე თქმით, პროკურატურა შეეცდება მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის გარეშე ჭეშმარიტება დაადგინოს.
,, მიხეილ სააკაშვილმა არა შესრულა თავისი მოქალაქეობრივი ვალი, რაც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა კანონებით. არ გამოცხადდა დაკითხვაზე, მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური წესით დაკითხვა შევთავაზეთ. შესაბამისად გამოძიება მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის გარეშე გაგრძელდება და ჩვენ შევეცდებით, რომ მისი დაკითხვის გარეშე მოვიპოვოთ საქმეში მტკიცებულებები რომელიც საკმარისი იქნება ყველა ჩამოთვლილი საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დავადგინოთ", -განაცხადა ირაკლი ჯოხაძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოწმის სტატუსით დასაკითხად პირველად 27 მარტს დაიბარა, თუმცა სააკაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდა. ამის შემდეგ საგამოძიებო უწყებამ ყოფილ პრეზიდენტს დისტანციური ფორმით დაკითხვა შესთავაზა, რაზეც კვლავ უარი მიიღო.
პროკურატურის ინფორმაციით, სააკაშვილი შემდეგ საქმეებთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით უნდა დაკითხულიყო: 2008 წლის თებერვალში, მაღალი თანამდებობის პირების მიერ, ტელეკომპანია ,,იმედში'' შეჭრის, დარბევის, უკანონოდ დაუფლებისა და გარდაცვლილი ა. პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედებების ფაქტებზე, რაც დასრულდა 2011 წლის 6 ივლისს, საქართველოს ხელისუფლებასა და ა. პატარკაციშვილის ოჯახს შორის მემორანდუმის გაფორმებით;
2009-2012 წლებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე;
პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე.
2004 წლის ივნისში, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ისა და ტელეკომპანია ,,მზე"-ს კანონიერი მესაკუთრეებისათვის წილების იძულებით დათმობის ფაქტზე;
2009 წლის 20 მაისს, ე.წ. ,,მუხროვანის ამბოხებისათვის" ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის დაკავების სპეცოპერაციისას, გ.კრიალაშვილის ლიკვიდაციის, ლ.ამირიძის და კ.ოთანაძის დაჭრის ფაქტზე;
2012 წლის 24 თებერვალს სახელმწიფოს კუთვნილი შპს „აგრომეტი"-ს (აგრარული უნივერსიტეტის) ქონების გაფლანგვის ფაქტზე.
2012 წლის 31 ოქტომბრის პრეზიდენტის განკარგულებით მისი ბიძის თ.ალასანიასთვის უპირატესობის მინიჭებით, სახელმწიფო ქონების შპს „ბეზეკზე" უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე.
2012 წლის თებერვალში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი ტელევიზია ტვ-25-ის საარჩევნო პერიოდში გაკონტროლების მიზნით, მისი დამფუძნებლებისათვის 3 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემის ფაქტზე.
2011-2012 წლებში, მაღალი თანამდებობის პირების ორგანიზებითა და მონაწილეობით „ქართუ" ბანკის ხელოვნურად გაკოტრების მიზნით, ბანკში იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცურად გასხვისების გზით გადამალვის ფაქტზე".