2014 წლის მარტში 2013 წლის მარტთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 3,5 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის" ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 5,4 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,65 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (39,6 პროცენტი). ფასები გაიზარდა ასევე შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (3,5 პროცენტი), თევზეულზე (3,3 პროცენტი), რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (2,1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-4,6 პროცენტი) და ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (-2,1 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი. მოცემულ ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11,4- პროცენტიანი მატება, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,93 პროცენტული პუნქტი შეიტანა.
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფზე ფასები გაიზარდა 7,0 პროცენტით, რაც მარტის თვის წლიურ ინდექსზე 0,37 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (12,3 პროცენტი).