რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრებს მართავს. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი საკონსტიტუციო სამართლოს ესტუმრა. მან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან პირისპირ შეხვედრა გამართა, რომლის დასრულების შემდეგ შედგა გაფართოებული შეხვედრა.
პრემიერმა უშუალოდ მოსამართლეებისგან მიიღო ინფორმაცია სასამართლოს მუშაობის შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა სასამართლოსადმი ნდობის აღდგენის საკითხებზე ისაუბრეს და პრემიერს სარჩელების დაკმაყოფილების სტატისტიკა გააცნეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა მთავრობის მეთაურს გააცნეს საკუთარი ხედვა, საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის, გაძლიერებასთან დაკავშირებით.
"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, ვისაუბრეთ სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე და გავცვალეთ ჩვენი ხედვები. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის თავისუფალი სასამართლო სისტემა,"- განაცხადა პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.