საპარლამენტო უმცირესობა პროკურატურის მიერ თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ ბრიფინგს ეხმიანება. როგორც უმცირესობის ერთ-ერთი დეპუტატი, ლევან ბეჟაშვილი, პარტიის სახელით აცხადებს, პროკურატურის განცხადებამ, ნაცვლად იმისა, რომ ბევრ კითხვაზე გაეცა პასუხი, უფრო მეტი ეჭვი გააჩინა.
"ნაციონალური მოძრაობა" ეჭვქვეშ აყენებს უწყების მიერ დაწყებულ გამოძიებას და პროკურატურას საქმიდან გამომძიებლების, გილაურისა და ზედელაშვილის ჩამოშორებისკენ მოუწოდებს.
"პროკურატურის ბრიფინგით მოვისმინეთ აგონიაში მყოფი არაპროფესიონალებით დაკომპლექტებული ინსტიტუტის მასკარადი, რომელმაც, ნაცვლად იმისა, რომ თათუხაშვილის ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის, კონკრეტულ კითხვებზე პასუხი გაეცა, პოლიტიკური პასუხი გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის' მისამართით. საზოგადოებას აინტერესებს, რატომ მოხდა თათუხაშვილის წამება, რატომ არის მის სხეულზე წამების ფაქტები, რატომ იყო ზეწოლა კვირების განმავლობაში, მისი გატაცება და ა.შ. ამის ნაცვლად, მოვმისმინეთ ზღაპრები, თურმე ითხოვდა თათუხაშვილი მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასმას და რატომ მოხდა, რომ მან სახლში მიყვანა მოითხოვა და შემდეგ გაექცა გამოძიებას. თუ ახალაიების თავდასხმას ელოდებოდა, რატომ გაექცა პროკურატურის თანამშრომლებს და დაცვას, რატომ დადიოდა ქუჩაში მარტო, რატომ ხდებოდა ტოტალურად მისი ვიდეოთვალთვალი. ამ ბრიფინგმა მეტი კითხვა გააჩინა, დაადასტურა ის ეჭვები, რომელიც არსებობს მის ზეწოლისა და წამების ფაქტებთან დაკავშირებით. მოვითხოვთ, კიდევ ერთხელ, პროკურატურამ გამოიძიოს კონკრეტულად ეს წამების ფაქტები, შეუწყვიტოს უფლებამოსილება გამომძიებლებს, გილაურსა და ზედელაშვილს და გადადგას ობიექტური ნაბიჯები, გამოძიების ჩასატარებლად. სამწუხროდ, პარლამენტმა უარი გვითხრა კომისიის შექმნაზე. ამან ნათლად დაადასტურა, რომ პარლამენტი უფლებამოსილი არ არის, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტლება და ის იმართება პროკურატურის ორგანოების მიერ. ბრიფინგისა და ვიდეოების გასაჯაროების თემა, ეკა ბესელიამ დაანონსა, რომელიც ბოლო პერიოდში, დამცველი და სპიკერი გახდა პროკურატურის. პროკურატურის მიერ იმართება პარლამენტი და ამ ყველაფრიდან საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ეს უწყება არის ანგაჟირებული, დაინტერესებული არ არის გამოძიებით და წამებისა და მკვლელობის ფაქტი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას განეკუთნება", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები