,,პანორამა თბილისის" პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია საჯარო განხილვას იწყებს. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მერია მხარს უჭერს დედაქალაქში სამშენებლო-საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც უკავშირდება, როგორც თბილისის უბნების რეაბილიტაციასა და თვისობრივ განახლებას, ასევე ახალი მშენებლობების წარმოებას, რაც დადებითად აისახება როგორც ეკონომიკის განვითარებაზე, ასევე სოციალურ და სხვა სახის მიმართულებებზე.
„ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ე. წ. ,,პანორამა თბილისის" პროექტის განხორციელება იგეგმება თბილისის ისტორიულ ნაწილში, რომელიც ასევე მოიცავს ბუნებრივად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის ტერიტორიას. შესაბამისად, დედაქალაქის, ისტორიული ნაწილის განვითარების ერთ-ერთ უმთავრესი წინაპირობა უნდა იყოს მისი ისტორიულად ჩამოყალიბებული თვითმყოფადი სახის მაქსიმალურად შენარჩუნება.
დედაქალაქის მერიაში ამ საკითხზე შემოსულია განაცხადი პროექტის ირგვლივ ზოგადი კონცეფციის შესაქმნელად, რაც მოცემულ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებაზე შესაბამისი დავალების გაცემას გულისხმობს.
თბილისის მერია ითვალისწინებს მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ე.წ ,,პანორამა თბილისის" პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს ამ პროექტის განხილვაში მონაწილეობას, რისთვისაც მათ 2014 წლის 7 აპრილს იწვევს თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის სხდომაზე დასასწრებად"- ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
მოცემული საკითხის განხილვაზე დასწრების მსურველებს თბილისის მერია სთხოვს გააგზავნონ მოთხოვნა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@tas.ge 2014 წლის 4 აპრილამდე, იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი განხილვაში ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობა.
თბილისის მერია შემდგომშიც უზრუნველყოფს, მოცემული პროექტის ირგვლივ მის უწყებაში გამართული ყველა განხილვის საჯაროობას.
მასალის გამოყენების პირობები