საქართველო ქვეყნის საინვესტიციო პროექტებში ჩინური კომპანიებისა და საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობას განიხილავს. ამ მიზნით, პეკინში საქართველოს საპარლამენტო უმრვლესობის ლიდერი და საქართველოს პარლამენტის ჩინეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ჩინეთის ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს Wang Huimin-ს და ამავე კომისიის გენერალურ დირექტორს საერთაშორისო საკითხებში Tong Daochi-ს უკვე შეხვდა.
შეხვედრაზე დავით საგანელიძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებთან და მთავრობის ხედვაზე ქვეყნის ეკონომიკის სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებით.
ჩინეთის ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს Wang Huimin-სთან მეგობრული ურთიერთობები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც Wang Huimin-ი საქართველოში ჩინეთის სახელმწიფო დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
შეხვედრამ მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა, Wang Huimin-მა გამოთქვა სურვილი და მზაობა მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს ქართული მხარის მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელებას და ჩინური ინვესტიციების გაძლიერებას საქართველოში. იგი ასევე დაჰპირდა ქართულ მხარეს, რომ ჩინურ ბანკებს მაქსიმალურად ინფორმაციას მიაწოდებს საქართველოს ეკონიმიკური პროექტებისა და ბიზნესგარემოს შესახებ.