,,ნაცმოძრაობა" მოწმე შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. საპარლამენტო უმცირესობამ ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააჟღერა. როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან არსებობს საზოგადოების დიდი ინტერესი შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
,,მნიშვნელოვანია, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან არსებობს ბევრი კითხვა. პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ უახლოეს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნას ეს საკითხი", _განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისივე თქმით, კომისიის შემადგენლობა 11 წევრით განისაზღვროს.
აღნიშნულ ინიციატივას დეპუტატები პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სესიაზე განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ შალვა თათუხაშვილი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურის ერთ-ერთი მოწმე იყო. არსებული ინფორმაციით, შალვა თათუხაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი თათუხაშვილის წამებაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ არავინ ინტერესდება ვინ და რატომ გაიმეტა შალვა თათუხაშვილი.