1 აპრილს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კატარის ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღო, რომლებიც საქართველოში ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლის მიზნით იმყოფებიან. დელეგაციაში, რომელსაც ხელმძღვანელობს კატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი ალი ალ მისნადი, ამ ქვეყნის 20 წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი შედის. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებზე. კატარელმა სტუმრებმა გამოთქვეს ინვესტირების ინტერესი საქართველოს ეკონომიკის ცალკეული სექტორებში. საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე კატარის ბიზნეს-დელეგაციის წევრებმა წარმოადგინეს ბიზნეს-წინადადებები, მათ შორის, საქართველოდან კატარში მინერალური წყლის ექსპორტის, სასტუმრო ბიზნესის და სპა-კურორტების განვითარების, აგრეთვე თბილისში დიდი საგამოფენო ცენტრის მშენებლობის შესახებ. შეხვედრის დასარულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ნაყოფიერი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსა და კატარს შორის გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები